ეს ან მართვაა, ან კონტრაქტი
„არსებობს ორი სხვადასხვა ტიპის სოციალური თანამშრომლობა,“ - წერდა ლუდვიგ ფონ მიზესი: ერთი კონტრაქტზე (ნებაყოფლობითი შეთანხმება და ურთიერთქმედება), ხოლო მეორე ჰეგემონიაზე („მართვა და დაქვემდებარება“) დაფუძნებული. ადამიანები შეიძლება ერთმანეთს დაუკავშირდნენ „კონტრაქტის“ ან „ჰეგემონიის“ ძალით.
ეს დაყოფა ბევრმა სოციალურმა თეორეტიკოსმა აღიარა. თავის ნამუშევარში „ადამიანთა ქცევა“ მიზესი წერდა:
„[ადამ] ფერგიუსონმა ეს აღწერა, როგორც განსხვავება მეომარ და კომერციულ ერებს შორის; [ანრი დე] სენ-სიმონმა - როგორც განსხვავება კონფლიქტურ ერებსა და მშვიდობისმოყვარე ან ინდუსტრიულ ერებს შორის; ჰერბერტ სპენსერმა - როგორც განსხვავება ინდივიდუალური თავისუფლებისა და სამხედრო მმართველობის მქონე საზოგადოებებს შორის; [ვერნერ] სომბარტმა - როგორც განსხვავება გმირებსა და ვაჭრებს შორის.“
მარქსისტებმაც და ნაცისტებმაც ისეთივე ორობითობა წამოაყენეს, როგორიც ზემოთ მიზესმა განმარტა. მოაზროვნეები სხვადასხვა ტიპის საზოგადოებას სხვადასხვა სახელს არქმევდნენ, თუმცა დიქოტომიაზე ყველა თანხმდებოდა, და, როგორც მიზესი წერს, „მესამე პრინციპი დაუშვებელი და შეუძლებელი იყო“.
თანამშრომლობის ეს ორი ერთმანეთთან შეპირისპირებული პრინციპი აყალიბებს ორ ძალიან განსხვავებულ გზას ადამიანებისთვის, რათა ისინი ერთმანეთს დაუკავშირდნენ საზოგადოებაში, როგორც მიზესი განმარტავს:
„როდესაც და რამდენადაც თანამშრომლობა დაფუძნებულია კონტრაქტზე, ლოგიკური ურთიერთობა თანამშრომელ ინდივიდებს შორის სიმეტრიულია. ყველა ისინი არიან პიროვნებათშორისი გაცვლა-გამოცვლის კონტრაქტების მონაწილე მხარეები. ჯონს აქვს ისეთივე ურთიერთობა ტომთან, როგორიც ტომს - ჯონთან.“
„ჯონი“ თუნდაც ჯონ მეკი რომ ყოფილიყო, „Whole Foods Market“-ის მილიონერი დამფუძნებელი და ბოლო დრომდე გენერალური დირექტორი, ხოლო „ტომი“ – „Whole Foods“-ის მოლარე, ურთიერთობა მდიდარ დამსაქმებელსა და ხელმოკლე თანამშრომელს შორის მაინც სიმეტრიული იქნებოდა.
ჯონი ნებაყოფლობით სთავაზობს ფულად ანაზღაურებას ტომს მისი შრომის სანაცვლოდ და ტომიც ნებაყოფლობით სთავაზობს მომსახურებას ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ. ორივე დათანხმდა ამ გარიგებას და ორივეს შეუძლია მასზე უარის თქმა. ჯონს ყოველთვის შეუძლია ტომის სამსახურიდან გაშვება, ხოლო ტომს ნებისმიერ დროს შეუძლია სამსახურიდან წასვლა. მიუხედავად მთელი მისი სიმდიდრისა და რეპუტაციისა, ჯონს არ შეუძლია ტომს აიძულოს სალაროში მუშაობა.
მიზესი აგრძელებს: „როდესაც და რამდენადაც თანამშრომლობა დაფუძნებულია მართვასა და დაქვემდებარებაზე, ერთი ადამიანი იძლევა ბრძანებებს და დანარჩენები ასრულებენ მის ბრძანებებს. ლოგიკური ურთიერთობა ადამიანების ამ ორ კლასს შორის ასიმეტრიულია. არსებობს დირექტორი და არსებობენ მისი ხელქვეითები. მხოლოდ დირექტორი იღებს გადაწყვეტილებებს და გასცემს ბრძანებებს, ხოლო სხვები - მისი ხელქვეითები მისი ნების შემსრულებლები არიან.“
მაგალითად, ჯონი ფეოდალი რომ ყოფილიყო, ხოლო ტომი - მისი ყმა გლეხი, ურთიერთობა მათ შორის ძალიან ასიმეტრიული იქნებოდა. ჯონს შეეძლებოდა, ტომი ეძულებინა, რომ ჯონის მიწაზე ემუშავა და ასევე ხელში ჩაიგდებდა ტომის საკუთარი მიწის ნაკვეთიდან მიღებული მოსავლის ნაწილს გადასახადების სახით. ტომის ერთადერთი არჩევანია დაემორჩილოს ამ მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სიკვდილით დაისჯება. როგორც მიზესი წერს:
“როდესაც ქვეშევრდომი დგას მორჩილებასა და დაუმორჩილებლობას შორის არჩევანის წინაშე, იგი ირჩევს პირველს და ამით შედის ჰეგემონიურ ურთიერთობაში. (...)
ჰეგემონიურ საზოგადოებაში მოქმედებს მხოლოდ დირექტორი, რომელიც მასზე დაქვემდებარებულ პირებს უკარნახებს მოქმედებას. ქვეშევრდომი მოქმედებს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ირჩევს მორჩილებას და რა წამსაც ის აირჩევს მორჩილებას, ის აღარ მოქმედებს საკუთარი ნებით...“
როდესაც ამერიკის დამფუძნებელი მამები და სხვა კლასიკური ლიბერალები „თანასწორობის“ იდეას ავითარებდნენ, ისინი არ ითხოვდნენ თანაბარ საკუთრებას. ისინი ემხრობოდნენ აბსოლუტიზმის, ფეოდალიზმის და მონათმფლობელობის გაუქმებას. მხარს უჭერდნენ ადამიანური ურთიერთობების სიმეტრიას, რომელიც დამახასიათებელია კონტრაქტზე დაფუძნებული კავშირისთვის და ეწინააღმდეგებოდნენ ადამიანური ურთიერთობის ასიმეტრიას, რომელიც ახასიათებს ჰეგემონიურ კავშირს.
ასეთი ასიმეტრია სამართლიანობის განცდის მქონე ადამიანს აღაშფოთებს, მაგრამ ჰეგემონიური საზოგადოება არა მხოლოდ სიმახინჯე, არამედ სიბრიყვეა. თუ მხოლოდ დირექტორი მოქმედებს, მხოლოდ დირექტორი აზროვნებს. როდესაც ადამიანებს საქონელივით მიერეკებიან, მათი გონებრივი რესურსი იკარგება. მათი შემოქმედებითობა, განსჯის უნარი, უნიკალური ნიჭი და სპეციფიკური ცოდნა არ გამოიყენება იმ უამრავი შესაძლებლობისა და გამოწვევისთვის, რასაც ადამიანებს ცხოვრება სთავაზობს.
მხოლოდ კონტრაქტზე დაფუძნებული საზოგადოებები მოიხმარს მასობრივად იმას, რასაც ჯულიან საიმონი უწოდებდა „უმნიშვნელოვანეს რესურსს“ - ადამიანის გონებას. მხოლოდ დეცენტრალიზებულ ნებაყოფლობით თანამშრომლობას შეუძლია კოორდინირება გაუწიოს ფართო მასების შემოქმედებით კონტრიბუციას.
სწორედ ამიტომ, როგორც მიზესმა თქვა, მოწინავე ცივილიზაცია არის მათი მიღწევა, „ვინც თანამშრომლობდა კონტრაქტის საფუძველზე“. საზოგადოების ისტორიული პროგრესი ომებით და სიღატაკით გაჩანაგებული ბარბაროსული საზოგადოებიდან მშვიდობიან და აყვავებულ ცივილიზაციამდე განაპირობა მართვის ჩანაცვლებამ კონტრაქტებით და სავალდებულო ჰეგემონიის ჩანაცვლებამ ნებაყოფლობითი ჰარმონიით.
ეს სტატია ეკუთვნის დენ სანჩესი და ეკონომიკური განათლების ფონდს, შემოქმედებითი ნამუშევრის 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის საფუძველზე. ორიგინალი შეგიძლიათ ნახოთ აქ.