Skip to content
Home
Home
Who we are
What we do
Get the book

სსრკ-ის დაშლა ერთ-ერთი საუკეთესო რამე იყო, რაც გარემოს სასიკეთოდ მოხდა

ვინსენტ გელოსოს

თუ წაიკითხავთ საბჭოთა კავშირის ეკონომიკის ისტორიას, აღმოაჩენთ, რომ „კერძო“ სექტორი გამონაკლისის სახით მხოლოდ სოფლის მეურნეობისთვის იყო დაშვებული. პატარა კერძო ნაკვეთებზე, რომლებიც სახნავი მიწის მხოლოდ 3 პროცენტს შეადგენდა, მოდიოდა კარტოფილის, ბოსტნეულის, ხორცის, რძის და კვერცხის ნაწარმის 39 პროცენტიდან 66 პროცენტამდე. მიწის დარჩენილი ნაწილი მუშავდებოდა და პროდუქცია იწარმოებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ან კოლექტიურად ფლობილ ფერმებზე. ამ მაგალითს ხშირად იყენებენ იმ არგუმენტის გასამყარებლად, რომ კერძო სექტორის ეფექტურობასთან სახელმწიფო სექტორი ახლოსაც ვერ მოვა. თუმცა, სსრკ-ის კერძო მეურნეობების ეფექტურობაც უფერულდება,თუ მას სხვა ქვეყნებს შევადარებთ.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ სოფლის მეურნეობაც მოიშალა. ამავდროულად მკვეთრად გაიზარდა საკვების იმპორტი დასავლეთიდან.როგორც ერთმა ექსპერტმა აღნიშნა, „რუსეთის ბაზარი წალეკა უცხოურმა საკვებმა პროდუქტებმა, როგორც ნედლმა, ისე დამუშავებულმა.“ მრავალ ჰექტარზე გადაჭიმული, მიტოვებული სახნავ-სათესი მიწა კვლავ დაისაკუთრა ტყემ და მცენარეებმა - რაც შეგვიძლია გარემოსთვის პირდაპირ სარგებლად განვიხილოთ.

თუმცა არაპირდაპირი სარგებელიც იყო. ტყეების და ბალახოვანი მცენარეების ზრდა ნახშირბადის სეკვესტრაციის საშუალებას იძლევა. ტყეების გაშენებით ნახშირბადის სეკვესტრაცია არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც მზარდი ხეები შთანთქავენ ნახშირორჟანგს ატმოსფეროდან, გარდაქმნიან მას ბიომასად ფოტოსინთეზის მეშვეობით და ინახავენ თავიანთ ქსოვილებში, რითაც ამცირებენ სათბურის აირების ეფექტებს და წვლილი შეაქვთ კლიმატური ცვლილების დაძლევაში. ყოფილ სსრკ-ში მიწის მიტოვების მასშტაბი იმდენად დიდი იყო, რომ ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ნახშირბადის კონტინენტურ და გლობალურ ბიუჯეტებზე. რეალურად, მან გამოიწვია ნახშირბადის მკვეთრი კლება, რამაც შეასუსტა გლობალური სათბურის აირების ატმოსფეროში გაფრქვევის ზრდის ეფექტები.

მაინც რამდენად მკვეთრად შემცირდა ნახშირბადის მოცულობა? ერთი კვლევის თანახმად, ნახშირბადის შთანთქმა რუსეთში, ბელარუსსა და უკრაინაში 1990 წლიდან 2017 წლამდე 1გიგატონს შეადგენდა. სხვა კვლევამ, რომელიც მხოლოდ რუსეთსა და ყაზახეთს შეისწავლიდა, დაახლოებით მსგავსი ეფექტები აღმოაჩინა და მათი მნიშვნელობის ხაზგასასმელად აღნიშნა, რომ იგი საკმარისი იყო „აენაზღაურებინა წიაღისეული საწვავის ამჟამინდელი წლიური ემისიების დაახლოებით 36 პროცენტი რუსეთში და 49 პროცენტი ყაზახეთში.“

ეს მასშტაბები იმაზე მეტყველებს, რომ სსრკ-ის დაშლა კლიმატური ცვლილების შერბილების წარმოუდგენლად იაფი „პოლიტიკა“ იყო. მართლაც, თვითონ ცვლილების შერბილება ეკონომიკურ ზრდას წაადგა და არ დააწვა მას დანახარჯად (კლიმატური ცვლილების შერბილების პოლიტიკები ამჟამად საჭიროებს დიდძალ დანახარჯს, რასაც მხოლოდ ნაკლები დაბინძურებით განპირობებული სარგებელი ამართლებს). შემოსავლების სტატისტიკა საბჭოთა ქვეყნებში, როგორც წესი, გაზვიადებით წარმოაჩენდა პირობებს, რაც ზოგადად ახასიათებს კომუნისტურ ქვეყნებს, იმდენად, რომ სსრკ-ის დაშლით გამოწვეული კრიზისი ისეთი შესამჩნევი არ ყოფილა, როგორც შემდგომი აღმასვლა. მას შემდეგ ცხოვრების სტანდარტმა გადააჭარბა წინა დონეებს. როგორც ასეთი, სსრკ-ის დაშლამ დიდი ალბათობით ხელი შეუწყო ეკონომიკურ განვითარებას და შეარბილა კლიმატური ცვლილება.

შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტურად ჟღერს, მაგრამ ეს შეიძლება კვლავ განმეორდეს!

ცხადია, საბჭოთა კავშირი აღარ დაიშლება. თუმცა, არსებობს სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ასობით პოლიტიკა, რომლებიც დიდძალი მიწის მოხმარებას ახალისებს. მართლაც, თუ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული მწარმოებლების მხარდაჭერის შესახებ ეთგოს მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სახელმწიფო მხარდაჭერის დონე საკმაოდ მაღალია და კიდევ უფრო იზრდება. ამ მხარდაჭერის ზომების აღმოფხვრის შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო ფირმებს მოუხდებოდათ თავიანთი მეთოდების გადახედვა და ნაკლები მიწის გამოყენება. ამის შედეგად კი შესაძლებელი გახდებოდა იმის გამეორება, რაც სსრკ-ის დაშლის შემდეგ მოხდა, რასაც სარგებლის სახით დაემატებოდა გადასახადის გადამხდელებისთვის მხარდაჭერის ზომების ხარჯის ტვირთის მოხსნა.

ეთგოს იმავე მონაცემებით, ევროპული ქვეყნები სხვა სექტორებზე მეტად მეცხოველეობას ახალისებენ, რის შედეგადაც ამ ტიპის ფერმერობა სხვებზე უფრო დიდი წარმოებით გამოირჩევა - მასზე მოდის გლობალური სათბურის აირების ემისიების დიდი წილი (განსაკუთრებით, კალორიების რაოდენობის გათვალისწინებით). სუბსიდირების შეწყვეტა მეურნეობის ამ განსაკუთრებით დამბინძურებელ ფორმას ხელს შეუშლიდა, და ისევ და ისევ, გადასახადის გადამხდელებს თავიდან აარიდებდა არაეფექტური მწარმოებლების მხარდაჭერას.

ეს ყველაფერი ერთ მარტივ რამეს გვასწავლის: კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ყველა პოლიტიკა არ საჭიროებს მთავრობის უფრო მძლავრ ინტერვენციას ან სახელმწიფო ზომებს. ზოგიერთი ზომა, რომელიც შეიძლება საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდეს, მთავრობისგან მხოლოდ უკან დახევას მოითხოვს.

ეს სტატია ეკუთვნის ვინსენტ გელოსოს და ეკონომიკური კვლევის ამერიკულ ინსტიტუტს საერთაშორისო ლიცენზიის Creative Commons Attribution 4.0 თანახმად. სტატიის ორიგინალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სტატიის გაზიარება