Skip to content
Home
Home
Who we are
What we do
Get the book

ბედნიერებისთვის საჭიროა, კარგად გავიაზროთ რა არის ზღვრული სარგებლიანობა

ჯეფრი ა. ტაკერს

აბსოლუტური ცნებებით აზროვნება ხშირად არასწორია. ადამიანები, მათ შორის თქვენც, გადაწყვეტილებებს ზღვრული სიდიდეების საფუძველზე ვიღებთ.

ვსადილობ. დესერტზე მასპინძელი ღვეზელს მთავაზობს. ნამცხვარს ბოლომდე ვჭამ. მასპინძელი მეკითხება, „დამატებას ხომ არ ისურვებთ?“

მე ზრდილობიანად ვამბობ უარს.

მასპინძელი ფიქრობს „ჩემი ღვეზელი არ მოეწონა“, მაგრამ ეს ასე არ არის. ღვეზელი მომეწონა, განსაკუთრებით პირველი ნაჭერი. მეორე ნაჭერმა ჩემი პრიორიტეტების რეიტინგში A დონიდან B დონეზე გადაინაცვლა, ხოლო „ღვეზელი არ მინდა“ B-დან A-ზე გადავიდა. მე არ ვმსჯელობ საქონლის მთლიან ასორტიმენტზე. არჩევანს ვაკეთებ დამატებითი ერთეულის ღირებულების ჩემეულ აღქმაზე. ეს უზარმაზარი განსხვავებაა.

„ე.ი. ჩემი ღვეზელი იმდენად არ მოგწონთ, რომ მეორე ნაჭერს ვერ მიირთმევთ?“

მე ვპასუხობ:

„ასე არ არის, ძალიან მომწონს თქვენი ღვეზელი. როდესაც პირველი ნაჭერი ვჭამე, ეს განსაკუთრებული რამ იყო ჩემთვის. ლამის ჭკუიდან შევიშალე. მაგრამ როცა მეორე ნაჭერი შემომთავაზეთ, ის ღვეზელის დამოუკიდებელ ერთეულად აღვიქვი. რა თქმა უნდა, დესერტი იმავენაირად მომწონს! თუმცა მისი ჭამა პრიორიტეტების ჩემეულ რეიტინგში B, და არა A დონეზეა. თუ არ მექნებოდა ღვეზელზე უარის თქმის შესაძლებლობა, მე მას მივირთმევდი და ეს ძალიან გამახარებდა. ის, რასაც ეკონომისტები მეორე ნაჭრის ზღვრულ სარგებლიანობას უწოდებენ, პირველზე ნაკლებია, ბევრად ნაკლები იმისათვის, რომ მოქმედების მიზეზი იყოს არჩევანის გასაკეთებლად.“

„გასაგებია. თქვენ გეზიზღებათ ჩემი ღვეზელი!“

რა ხდება? უბრალოდ, მასპინძელს ჩემსავით არ ესმის ზღვრული სარგებლიანობის იდეა.

ახალი თეორია

ჩემთვის გასაგებია, ეკონომისტების ორ თაობას - 1870-იანებიდან და 1910-იანებამდე აბსოლუტურად განსხვავებულად ესმოდა ზღვრული სარგებლიანობის კონცეფცია. არადა, მას სამყაროს გადარჩენა შეუძლია.

ჩემს თეორიას თუ გაიაზრებთ, თქვენ უფრო მეტად ცივილური გახდებით. უფრო მეტად მეგობრული. უფრო მეტად მოქნილი და შეგნებული. თქვენ უკეთ გაუგებთ საკუთარ თავს და სხვებსაც. ეს ხაზს უსვამს ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღების სირთულეს და გვიჩვენებს, თუ რატომ არ შეუძლიათ მთავრობებს სამყაროს გონივრული მართვა.

ზღვრული სარგებლიანობის კონცეფციის გამოვლენას ამ თაობისთვის ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ფრენის, ელექტროენერგიის და ევოლუციის თეორიის აღმოჩენას. ეს იყო პარადიგმის ძვრა, აღმოჩენა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა.

ღირებულება განისაზღვრება ზღვრულად მოხმარებული ერთეულით, ერთ ჯერზე ერთი არჩევანის გაკეთებით.

ამ დრომდე ეკონომისტები დავობდნენ სხვადასხვა პროდუქტის ღირებულებაზე, საზოგადოებისთვის მისი მთლიანი ღირებულების თვალსაზრისით. წყალი უაღრესად ღირებულია. ის საარსებოდ აუცილებელია. წყალი ყველას სჭირდება. მაშინ რატომ არის ის ასეთი იაფი, როცა მაქმანი და ბრილიანტი ძვირია? ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროში რაღაც ისე ვერ არის და გამოსწორებას საჭიროებს?

არა, უბრალოდ, ფასები განისაზღვრება ზღვრული არჩევანის და რესურსების ხელმისაწვდომობის მიხედვით. ერთი შეხედვით ეს მარტივია, თუმცა მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ეკონომისტებმა აღმოაჩინეს, რომ ღირებულება განისაზღვრება არა საქონლის მთლიანი ოდენობით, ან მთელი საზოგადოებისთვის მისი აღქმადი ღირებულებით, არამედ ზღვრულად მოხმარებული ერთეულით, ერთ ჯერზე ერთი არჩევანის გაკეთებით. ჩვენს პრიორიტეტებს A დონიდან უსასრულობამდე ვაფასებთ, ოღონდ ყოველ ჯერზე შეგვიძლია მხოლოდ ერთი არჩევანის გაკეთება. ჩვენ ვირჩევთ A-ს, მაგრამ, თუ ეს შეუძლებელია, B-ს A დონეზე გადმოვწევთ, ან, თუ ესეც შეუძლებელია, C-ს ვწევთ A დონეზე. ყოველ ჯერზე მხოლოდ ერთ ერთეულს ვირჩევთ. ჩვენ ზღვრულ არჩევანს ვაკეთებთ.

პრობლემა შენში არაა

გთავაზობთ მოქმედებაში ზღვრული სარგებლიანობის კიდევ ერთ მაგალითს.

გოგონა ეუბნება ბიჭს: „შენში არაა პრობლემა, ჩემშია“. ბიჭი ფიქრობს, ეს ადრეც მსმენია; გოგონას არ მოვწონვარ. მაგრამ აღმოჩნდება, რომ გოგონა მართალია. მას მოსწონს ბიჭი, მთელი გულით, მაგრამ რომანტიკას დრო და ენერგია სჭირდება და გოგონას ურჩევნია დრო „Pinterest“-ზე პოსტების წერაში გაიყვანოს. „Pinterest“ A დონეზე დგას გოგონას პერსონალური პრიორიტეტების რეიტინგში. ბიჭი B დონეზეა. ის სათანადო დონეზე არ დგას.

ან იქნებ, ასე არც არის. შესაძლოა, „Pinterest“ არის A, ხოლო B სკოლის დავალების შესრულება. C - ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა. D - „სატახტოთა თამაშების“ ყურება. E - ორცხობილას გამოცხობა. F - მეგობრებისთვის „Snapchat“-ით სახალისო სურათების გაგზავნა. და ბოლოს, მივდივართ G დონეზე, ეს არის „ბიჭთან პაემანი“. გოგონას მთელი გულით მოსწონს ბიჭი და, A-F საფეხურები რომ არა, მისი ერთადერთი სურვილი იქნებოდა ბიჭთან შეხვედრა. თუმცა A-F რეალური შესაძლებლობებია. პრიორიტეტების რეიტინგში A დონიდან პირდაპირ G-ზე გადახტომა შეცდომა იქნებოდა, რომელიც გოგონას ბედნიერების დონეს მნიშვნელოვნად შეამცირებდა.

ხედავთ, როგორ მოქმედებს ზღვრული სარგებლიანობა ადამიანის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე? ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებას შავ-თეთრად არ აღვიქვამთ. არჩევანს არ ვაკეთებთ სიყვარულსა  და სიძულვილს, ჩახუტებასა და უარყოფას, მხარდაჭერასა და უგულებელყოფას შორის. ჩვენ ვიღებთ ზღვრულ გადაწყვეტილებებს კომპლექსური და უსასრულო არჩევანის კონტექსტში, რომლებიც დამალულია სხვების თვალთახედვიდან.

ქორწილი

სწორედ ეს ფარული ასპექტი კვებავს იმ პარანოიდულ განწყობას, რომელიც ადამიანებს უბიძგებს არ იფიქრონ ზღვრულ სარგებლიანობაზე.

მეცნიერული თვალთახედვით ზღვრული სარგებლიანობა ახალი აღმოჩენაა.

მეგობარი ქორწილში გეპატიჟებათ. თქვენ ეუბნებით, რომ სიამოვნებით ეწვეოდით, მაგრამ სწორედ იმ დღეს უნდა დაესწროთ ძალიან მნიშვნელოვან სამუშაო შეხვედრას. მთელი გულით გინდათ წასვლა, მაგრამ ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ, და თქვენი კარიერის დაცვა ამ კონკრეტულ ჯერზე უაღრესად მნიშვნელოვანია.

ეს თქვენი მეგობრისთვის გასაგებია. ამჯერად. თუმცა ქორწილი იწყება და თქვენ იქ არ ხართ. ფოტოსურათების ალბომში არსად ჩანხართ. შეიქმნა ულამაზესი და აღმაფრთოვანებელი მოგონება, რომლის ნაწილიც არ ხართ. დროთა განმავლობაში თქვენი მეგობარი დაიწყებს ფიქრს: მეგონა ჩემი მეგობარი იყო, მაგრამ ჩემს ქორწილზე უაზრო საბაბის გამო არ მოვიდა. ალბათ ისეთი მეგობარი არ იყო, როგორადაც მიმაჩნდა. ვერ ვიტან.

სულ ასეა. ასეთი რამ იმიტომ ხდება, რომ ადამიანები არ ფიქრობენ ზღვრული სარგებლიანობის შესახებ. ეს გონებაში ყოველთვის არ გვიტრიალებს. გასაკვირიც არ არის, რადგან კაცობრიობას 500,000 წელი დასჭირდა ზღვრული სარგებლიანობის აღმოსაჩენად. მეცნიერული თვალთახედვით ის ახალი აღმოჩენაა. სავარაუდოდ კიდევ ასობით წელი დაგვჭირდება იმისათვის, რომ ეს კონცეფცია გონებაში ჩაგვებეჭდოს. მანამდე კი იმ ადამიანებს, რომლებიც კარგად გაითავისებენ მას, ბევრად უადვილდებათ ცხოვრება.

კინო

ჩვენთვის გასაგები ხდება, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობარი არ მოგვყვება კინოში არ ნიშნავს იმას, რომ მას არ უნდა კინოში წასვლა. მას ნამდვილად სურს წამოსვლა. პრობლემა ისაა, რომ კინოში წამოსვლის სურვილი ოდნავ ჩამორჩება სარეიტინგო სიაში წინ მდგომ საკითხს, და ჩვენ ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი არჩევანის გაკეთება შეგვიძლია.

ამას გიგანტური კომერციული შედეგები მოსდევს.

ვთქვათ, თქვენ ხსნით დონატების მაღაზიას. ყოველ დღე ცდილობთ მათ გაყიდვას. ერთი თვის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ერთი დონატიც არ გაგიყიდიათ. გამოგაქვთ დასკვნა, რომ ხალხს თქვენი დონატი არ უნდა - ეს არის დასკვნა, რომელიც თავდაპირველად საკმაოდ გონივრული ჩანს.

 რატომ არ ყიდულობენ თქვენს დონატებს?

სინამდვილეში, ეს შეხედულება არასწორია. არსებობს მთელი საზოგადოება, ათასობით ადამიანი, ვისაც გონებაში პრიორიტეტების რეიტინგი აქვს შექმნილი. მათზე წვდომა რომ გქონოდათ, აღმოაჩენდით, რომ უამრავი ადამიანი ფიქრობს დონატებზე. მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დონატებს. სწორედ მათზე ფიქრობენ პირველ რიგში დილით და ბოლოს დაძინებამდე.

მაშ, რაშია პრობლემა? რატომ არ ყიდულობენ თქვენს დონატებს? პრობლემა ის არის, რომ ყოველ ადამიანს აქვს ერთი რამ, რაც მათთვის დონატებზე მნიშვნელოვანია. მათ უნდათ სამსახურში დროულად მივიდნენ. დარდობენ წონის მატებაზე. სურთ ფულის დაზოგვა. ტელეფონზე თამაში მათთვის უფრო მეტად საინტერესოა და ამიტომ უვლიან გვერდს თქვენს დახლს. რა მიზეზიც არ უნდა არსებობდეს, სწორედ ის უშლის ხელს დონატების სურვილის დაკმაყოფილებაში.

რა არის თქვენი, როგორც დონატების მწარმოებლის სამუშაო? თქვენ უნდა გათვალოთ მათ გონებაში შეღწევის და მათი A არჩევანის B არჩევანით ჩანაცვლების გზები. პირველ ორ არჩევანს ადგილი უნდა შეუცვალოთ. თუ დონატი G დონეზეა, უფრო მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ, ვიდრე უბრალოდ მისი B-საფეხურზე გადანაცვლებაა. დონატები იმარჯვებენ მხოლოდ ერთ საფეხურზე: A. სწორედ აქ რეკავს გამარჯვების ზარი. და თქვენ იბრძვით და იბრძვით იმისათვის, რომ ქვედა დონეზე მყოფი პრიორიტეტები უფრო მაღალ საფეხურზე გადაიტანოთ.

მარკეტინგი

როგორ აკეთებთ ამას? შეგიძლიათ დაწიოთ ფასი, გაზარდოთ ხარისხი, შესთავაზოთ სხვადასხვა გამო, ან სხვა გზას მიმართოთ, თუმცა ჩამოთვლილთაგან არცერთს შეუძლია ფაქტობრივი შედეგის მიღწევა. რატომ? რადგან არავინ იცის, რომ ამას აკეთებთ! თქვენ უნდა მოახერხოთ მათ გონებაში შეღწევა. უნდა ივაჭროთ. გაყიდოთ. გააკეთოთ რეკლამა. უნდა შექმნათ ხმაური სოციალურ მედიაში. რაც არ უნდა გააკეთოთ, მიზანი ერთია: დონატები A დონეზე დააყენოთ.

ეს ნიშნავს გააქტიურებას. შესაძლოა ზოგიერთ ადამიანს სჭირდება მარტივი ბიძგი. სხვებისთვის ეს საკმარისი არ არის და დარწმუნებით არ იცით, როგორ იმოქმედოთ. ამაში უნდა გაიმარჯვოთ. უნდა გააქტიურდეთ. თუ თქვენ ხართ „iPhone“, მომხმარებლებს არწმუნებთ, რომ ყველას შეულია იყოს ფილმის პროდიუსერი. თუ თქვენ ხართ „Southwest Airlines“, მომხმარებლებს დასვენებას სთავაზობთ. თუ „Nike“ ხართ, ცხოვრების ახალი სტილის პოპულარიზაციას ეწევით და ა.შ.

მანიპულაციურად ჟღერს? სულაც არა. თქვენ ცდილობთ დონატის მსურველი ადამიანები დაარწმუნოთ იმაში, რომ დახარჯონ ფული და დონატი მათი ცხოვრების ნაწილად აქციონ. თქვენ ეხმარებით ხალხს ამის გააზრებაში და მათი რეალური სურვილის მიღწევაში, რაც იწვევს ურთიერთსარგებლის გაუმჯობესებას. თქვენ მოგებული ხართ. ისინიც მოგებულები არიან. ყველა მოგებულია.

დავუბრუნდეთ იმ გოგონას მაგალითს, რომელიც ამბობს „მე უფრო მნიშვნელოვანი ვარ, ვიდრე შენ“. რა უნდა გააკეთოს ბიჭმა? მან უნდა გააცნობიეროს, რომ ის ოდნავ ჩამორჩება ნომერ პირველ არჩევანს პრიორიტეტების რეიტინგში. მან უნდა იფიქროს, რომ ეს შესაძლოა დროებითი იყოს. მან უნდა დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ როგორ გადაინაცვლოს B დონიდან A-ზე. ყოველი შემთხვევისთვის, მას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ G დონიდან A-ზე გადაინაცვლოს.

სინათლე

ამ პროცესის უკეთ გასაგებად, უნდა გავიაზროთ, რა არის ზღვრული სარგებლიანობა. ეს არის კონცეფცია, რომელიც სამყაროს არსს გვაგებინებს. ეს არის ცნება, რომელიც ნათელს ფენს ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღების მთლიან საიდუმლოს. ეს იდეა ადამიანების ურთიერთობის საიდუმლოს ხსნის ფარდას.

ზღვრული სარგებლიანობის პრიზმაში ვხედავთ ანარქიის დიდებულ წესრიგს.

პატარა და დიდი ბოროტება სამყაროში მოდის აბსოლუტიზმიდან - რწმენიდან, რომ მხოლოდ წინ მიმავალი გზა არსებობს და თუ ამ გზას არ აირჩევ, თქვენ ბოროტ მტრად გადაიქცევით. ასე აზროვნებენ მთავრობები. ისინი ზღვრული ცნებებით არ ფიქრობენ. სამყაროსთვის, რომელიც შედგება ზღვრული სარგებლიანობის საფუძველზე მოქმედი და მოაზროვნე მილიარდობით ადამიანისგან, ეს ძალიან რთული ცნებაა. ამიტომ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, უგულებელყონ ყველაფერი და სამყარო დაყონ ჩვენიანებად და მოწინააღმდეგეებად.

მეორეს მხრივ, თუ ზღვრული სარგებლიანობის გათვალისწინებით იაზროვნებთ, აღმოაჩენთ, რომ მთლიანი სამყარო აგებულია ნაბიჯ-ნაბიჯ კომპლექსური გადაწყვეტილების მიღებით, რომელიც უაღრესად სუბიექტურია. ადამიანების შეკავშირება ძალით ვერასოდეს მოხერხდება. ეს ხდება ერთ ჯერზე ერთი ადამიანის დარწმუნების მცირე აქტებით. ზღვრული სარგებლიანობის პრიზმაში ვხედავთ ანარქიის დიდებულ წესრიგს.

ეს სტატია ეკუთვნის ჯეფრი ა. ტაკერს და ეკონომიკური განათლების ფონდს, შემოქმედებითი ნამუშევრის 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის საფუძველზე. ორიგინალი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

 

სტატიის გაზიარება