Skip to content
Home
Home
Who we are
What we do
Get the book

„კედლის შეკეთების“ ეკონომიკა

ბაირონ ბ. კარსონ III-ის

რობერტ ფროსტის 1914 წლის შესანიშნავი ლექსი „ კედლის შეკეთება მნიშვნელოვან დასკვნებს გვთავაზობს ეკონომიკისა და თანამშრომლობის შესახებ.

მართალია, ლექსი თითქოს ეხება შემწყნარებლობისა და მიმღებლობის, თანამედროვეობისა და ტრადიციის დაბალანსებას და ეროვნული საზღვრების ეროვნული საზღვრების მართებულობასაც კი, იგი სხვადასხვანაირად შეიძლება იქნეს აღქმული. მკაფიო გზავნილი, რომელიც ორჯერ მეორდება ლექსში არის ის, რომ „ტკბილ მეზობლობის საწინდარი – კარგი ღობეა“, რაც შეიძლება უბრალოდ იმას გულისხმობდეს, რომ ჩვენი საკუთრება უნდა შემოვსაზღვროთ, თუკი მეზობლებთან შეხმატკბილებულად ცხოვრება გვინდა. მაგრამ ლექსი ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ უფრო განზოგადებული მსჯელობისთვის სოციალური თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების შესახებ.

„კედლის შეკეთების“ შინაარსი

ლექსი მოგვითხრობს ორ მეზობელზე, რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან საზიარო, ჩამოშლილი ქვის კედლის შესაკეთებლად, სავარაუდოდ ახალ ინგლისში, სადაც ფროსტი ცხოვრობდა და სადაც ქვის კედლები გავრცელებული იყო.

მკითხველის ყურადღებას ლექსის პირველივე ფრაზა იპყრობს: „არის ადგილი, ღობე-ყორეს რომ ვეღარ იტანს“. საწყის ტაეპებში შევიტყობთ, რომ კედელს აზიანებს აქტიური და პასიური ძალები: წყალი იყინება და ფართოვდება ცივ თვეებში, ხოლო ცხენოსანი მონადირეები ღობეს დაუნდობლად შლიან. ამის გამო ორივე მეზობელს რეგულარულად სჭირდება კედლის შეკეთება.

ლექსის დარჩენილი ნაწილი მეზობლებს შორის საუბარია. ერთი მათგანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კედლის შეკეთების აუცილებლობას, ხოლო მეორე - (ალბათ, ბრმად) ურიგდება ხვედრს. დაეჭვებული მეზობელი აღშფოთებას გამოთქვამს სამუშაოს გამო, რადგან კედელი ვაშლის და ფიჭვის ბაღების გასამიჯნად სულაც არ არის საჭირო, ხეები ხომ ფეხს ვერ აიდგამენ, რომ ერმანეთს შეერივნენ. ლექსი მთავრდება მეორე მეზობლის მანტრად ქცეული სიტყვებით: „ტკბილ მეზობლობის საწინდარი – კარგი ღობეა“.

მეტი, ვიდრე შეკეთება

„კედლის შეკეთება“ საკუთრების უფლების უფრო ღრმად გააზრების საშუალებას იძლევა.

მეზობელი, რომელიც აგდებით ეკიდება შეკეთების პროცესს, ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ის ვერ იაზრებს იმ უფრო დიდ როლს, რომელსაც საკუთრების უფლებები თამაშობს. მეზობელი აცხადებს, რომ ვინაიდან არცერთ მათგანს არ ჰყავს საქონელი, რომელიც შეიძლება მეზობლის ტერიტორიაზე გადავიდეს, კედლის შეკეთების ხარჯი გადაწონის სარგებელს. უფრო ტრადიციული მეზობელი ურყევია, ის მამა-პაპათა სიბრძნეს უსიტყვოდ იზიარებს, კედლის შეკეთებას აგრძელებს და იმეორებს: „ტკბილი მეზობლობის საწინდარი – კარგი ღობეა“.

კედელი არის საკუთრების უფლების გამიჯვნის, გაკონტროლებისა და დაცვის საშუალება. საკუთრების უფლება ადგენს მოლოდინებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ადამიანებმა გამოიყენონ რესურსები თავიანთი ღირებულებების მიხედვით და საკუთარი მიზნებისთვის სხვების ჩარევის გარეშე. კედელი უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე გზააბნეული საქონლის დაოკებაა. იგი კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა და ქმნის მოლოდინებს იმისა, თუ „რა არის ჩემი და რა არის შენი“.

მსგავსი მოლოდინები ადამიანებს უბიძგებს გრძელვადიანი გეგმების დასახვისკენ. მაგალითად, ლექსში ნახსენებ მეზობლებს დარგული აქვთ ფიჭვის და ვაშლის ხეები, რასაც მრავალწლიანი დაგეგმვა და მოვლა-პატრონობა ესაჭიროება. მათ შორის გავლებული კედელი და ამ კედლის შეკეთების ყოველწლიური რიტუალი კი ამ ხეების შენარჩუნების მოტივაციას იძლევა და მეზობლებს სხვა გეგმების განხორციელების საშუალებას აძლევს.

ქვის ღობეები და კოორდინაცია

ფროსტის ლექსი დაგვაფიქრებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანებმა ითანამშრომლონ ორმხრივად სასარგებლო შედეგის მისაღწევად.

ფიზიკური კედელი არის ერთობლივად შექმნილი და საზოგადოებრივი სიკეთე და მისი შექმნა ადამიანების კოორდინირებული მუშაობის გარეშე უკიდურესად რთულია. ასეთი საქონელი მეტ-ნაკლებად არაკონკურენტულია მოხმარების თვალსაზრისით და მათზე უარი - საკმაოდ ხარჯიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები დიდი ალბათობით შეეცდებიან სხვების ხარჯზე თავი დაზოგონ და მის შექმნაში მინიმალური წვლილი შეიტანონ. მაგალითად, მეზობელს, რომელსაც კედლის შეკეთება ფუჭი შრომა ჰგონია, შეუძლია მხოლოდ მეორე მეზობელს შეაკეთებინოს იგი და კედლისგან მაინც იგივე სარგებელი მიიღოს.

როგორც ლექსი გვეუბნება, კედლის შეკეთება ორი ადამიანისთვის უფრო ადვილია, ხოლო მონაწილეობაზე უარი შეკეთების პროცესს უფრო აძვირებს.

„დავთქვით ერთი დღე ჩვენი ღობის შესაკეთებლად

და ჩვენ-ჩვენ მხარეს დავუყევით საერთო ზღუდეს.

ღობის კედლებში გამორღვეულ ადგილს ვეძებდით

და თავის ადგილს ვუძებნიდით ჩამოშლილ ლოდებს.“

ერთ-ერთ მხარეს თავისი მოვალეობა პირნათლად რომ არ შეესრულებინა, კედელი რღვევას განაგრძობდა.

საბედნიეროდ, მეზობლები მთლად არაკოორდინირებულები არ არიან. ფროსტის ლექსი მიგვანიშნებს, რომ მეზობლები საერთო გამოცდილებით, ისტორიით და ტრადიციით ხელმძღვანელობენ. როცა კედელში არსებულ ნარღვევებზე საუბრობს, ერთ-ერთი მეზობელი აცხადებს:

„ვერავინ ამჩნევს ანდა ისმენს მათ ნამოქმედარს,

გაზაფხულზე კი ისევ ჩვენი საზრუნავია.“

გაზაფხული მხოლოდ ბუნების გამოღვიძებით ტკბობის ჟამი არ არის. მეზობლებისთვის ეს ამ პრობლემის გადაჭრის ჩვეული დროა. ერთი მეზობელი ჩივის, კედელი უკვე იმდენჯერ შევაკეთეთ, რომ ეს პროცესი უკვე „სახლობანას თამაშს“ ჰგავსო.

ჩვენ ისიც ვიცით, რომ გამოთქმა „ტკბილ მეზობლობის საწინდარი – კარგი ღობეა“ ამჟამინდელი მეზობლების მოგონილი არ არის. როდესაც ერთ-ერთი მეზობლის მიერ კედლის შეკეთების მოვალეობის ბრმად მიღებაზე საუბრობს, ავტორი წერს:

„ის ზურგს არასდროს შეაქცევდა წინაპრის ანდერძს

მტკიცედ მისდევდა ადათ-წესებს...“

სასარგებლო დასკვნები თვითმართვის შესახებ

იმაზე დაკვირვება, თუ როგორ აგვარებენ ადამიანები ისეთ პრობლემებს, როგორიც კედლის შეკეთებაა, თანამშრომლობისა და თვითმართვის შესახებ საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს.

მეზობლებს იოლად შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია, აქვთ საერთო ისტორია და ალბათ, მოელიან, რომ ერთად კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იმუშავებენ. მაიკლ ტეილორის მიხედვით, ყველა ეს ფაქტორი თანამშრომლობის ხელშემწყობი შეთანხმებებისა და წესების მიღწევას უზრუნველყოფს. საერთო ჯამში, თითოეული ფაქტორი ადასტურებს კოუზისეული გადაწყვეტების სისწორეს, ვინაიდან გარიგების დანახარჯები შედარებით დაბალია.

ამგვარი პირობები წააგავს დევიდ იუმის მიერ მოყვანილ მაგალითს ორი მეზობლის შესახებ, რომლებიც მდელოს აშრობენ. წიგნში „გამოკვლევა ადამიანის გონების შესახებ (წიგნი III, ნაწილი II, თავი VI), იუმი ამბობს, რომ თანამშრომლობა ორ მეზობელს შორის, რომლებიც ცდილობენ მდელოს ამოშრობას, დიდი ალბათობით, წარმატებით შედგება, რადგან ისინი „კარგად იცნობენ ერთმანეთს“. თანამშრომლობას განაპირობებს მათი საერთო ინტერესები და საერთო ცოდნა მათი მეზობლების შესახებ.

ფროსტის მეზობლების შესახებ მეტი ინფორმაცია რომ გვქონოდა, უფრო საფუძვლიანად გავეცნობოდით იმ პირობებს, რომლებიც ადამიანებს უბიძგებს საერთო რესურსების მართვისკენ, როგორც ამას ელინორ ოსტრომი ამტკიცებს. ოსტრომი აღნიშნავს, რომ ამ რესურსების წარმატებული მართვა უფრო მოსალოდნელია მაშინ, როდესაც საერთო რესურსებით მოსარგებლე ადამიანები თვითონ ქმნიან წესებს. „კედლის შეკეთება“ მხოლოდ ლექსია, მაგრამ ახალ ინგლისსა და მსოფლიოში უთვალავი ქვის ღობეა, რომლებისთვისაც ეს ლოგიკა აქტუალური ჩანს.

რობერტ ფროსტის ბრწყინვალე ლექსი ეკონომისტებსა და სტუდენტებს საკუთრების უფლებებზე, თვითმართვასა და მშვიდობიან თანამშრომლობაზე დაფიქრების შესაძლებლობას აძლევს. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა შედარებით მარტივია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ადამიანებს შედარებით დაბალი ხარჯის გაწევა უხდებათ და საკუთარ თავს თვითონ მართავენ. ამავდროულად, ისეთი სოციალური ფენომენები, როგორიცაა წესები და ტრადიციები, სულ უფრო და უფრო სასარგებლო ხდება მაშინაც კი, თუ ადამიანებმა არ იციან, რატომ ასრულებენ მათ.

ეს სტატია მოწოდებულია ბაირონ ბ. კარსონ III-ის და ეკონომიკური კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მიერ შემოქმედებითი ნამუშევრის 4.0 საერთაშორისო ლიცენზიის საფუძველზე. ორიგინალი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ლექსი ინგლისურიდან თარგმნა ქარდა ქარდუხმა.

სტატიის გაზიარება