მთავარი
მთავარიმთავარიქსელიმიიღეთ წიგნი

ეკონომიკა და თავდაცვის ხარჯები

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა
15.03.22

რუსეთ - უკრაინის ომის პირობებში აქტუალური გახდა სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ხარჯებისა და მათი ეკონომიკური შესაძლებლობების შედარება.

თავდაცვის ხარჯების ზრდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ნაწილობრივ აფერხებს, რადგან დაფინანსების გაზრდა შესაძლოა გადასახადების ზრდის ხარჯზე იყოს, ან მოაკლდეს ეკონომიკური ზრდის წამახალისებელ სექტორებს, მაგალითად გზებს, ხიდებს, წყალსადენებს და ა.შ. თუმცა, თავდაცვაზე დახარჯულ ფულსაც აქვს ეკონომიკაზე დადებითი ეფექტი. კერძოდ, გრძელ ვადაში, გამართული თავდაცვის სისტემა სამხედროებს ისეთ უნარებსაც სძენს, რომლებსაც სამოქალაქო სფეროში შეიძლება ჰქონდეს მრავალი გამოყენება. შესაბამისად, გრძელ ვადაში, გამართულმა თავდაცვის სისტემამ, თეორიულად, შესაძლებელია დადებითი გავლენა მოახდინოს შრომის ბაზარზე უფრო განათლებული და დისციპლინირებული სამუშაო ძალის შექმნით. ამის კარგი მაგალითია აპლიკაცია Viber, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებიდან გამოსულმა ორმა მეგობარმა შექმნა, რომლებიც სწორედ IT ტექნოლოგიების მიმართულებით ასრულებდნენ თავიანთ სამხედრო სამსახურს. გარდა ამისა, ეკონომიკაში შეუძლებელია ზუსტად განვსაზღვროთ რა არის თავდაცვის ეკონომიკური სარგებელი, რადგან ურთულესია განისაზღვროს ის დანაკარგი, რომელიც შეიძლება საზოგადოებას მიადგეს თავდაცვის არ არსებობის პირობებში. ამიტომ, ქვეყნების უდიდეს უმრავლესობას ჰყავს შეიარაღებული ძალები, რომელთა შენახვაზე და გაძლიერებაზე ქვეყნები განსხვავებული რაოდენობით თანხებს ხარჯავენ, იმის მიხედვით თუ რა არის პრიორიტეტული. მაგალითად, ნატოს წევრ ქვეყნებს შორის არსებობს შეთანხმება მშპ - ს 2% - ის დახარჯვაზე თავდაცვაში.

საინტერესოა როგორია რეალური სურათი თავდაცვითი ხარჯების სხვადასხვა ქვეყნებში. გრაფიკზე ნაჩვენებია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების თავდაცვის ხარჯები მშპ - სთან მიმართებაში და მათი ღირებულება აშშ დოლარში 2019 წელს.

ქვეყნების დანახარჯები შეიარაღებულ ძალებზე და მათი მშპ - ს წილი (2019 წელი)

მსოფლიოში ყველაზე მეტს 734.3 მილიარდ დოლარს თავდაცვაზე ხარჯავს აშშ, რაც მისი მშპ - ს 3.43% - ს შეადგენს. მშპ - სთან მიმართებაში ბევრს ხარჯავს აგრესორი რუსეთიც, რომელიც 65.2 მილიარდი დოლარით მშპ - ს 3.83% - ს ხარჯავს შეიარაღებულ ძალებზე. განვითარებულ ქვეყნებს შორის თავდაცვის ყველაზე მაღალი ხარჯები მშპ - სთან მიმართებაში აქვს ისრაელს 5.19% - ით, რომელიც 20.5 მილიარდ დოლარამდე ხარჯავს თავდაცვაზე. მშპ - სთან მიმართებაში საკმაოდ ბევრს ხარჯავდა თავდაცვაზე საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინაც, რომელიც მშპ - ს 3.52% - ს (5.4 მილიარდი დოლარი) გამოყოფდა ამ სფეროზე. საქართველოს თავდაცვითი ხარჯები 2% - იან ზღვარს მცირედით ჩამორჩება (1.75 %) და მხოლოდ 311 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს ამ სფეროზე.

ეკონომიკური ინდიკატორები ხშირ შემთხვევაში საკმარისი არ არის ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის სათანადოდ შესაფასებლად. თანამედროვე თავდაცვის სფერო ძალზედ კომპლექსურია, მისი დაგეგმარება და მართვა მოიცავს საკმაოდ რთულ სამხედრო მეცნიერებას, მათემატიკურ მოდელირებას, ინჟინერიას, საინფორმაციო - ტექნოლოგიურ და არაერთ სხვა მეცნიერებებს. თავდაცვითი ხარჯების გაწევისას დიდია კორუფციული რისკიც, რადგან ხარჯების დიდი ნაწილი ხშირ შემთხვევაში არ არის საჯარო. გარდა ამისა, ასეთ ხარჯებზე კონტროლის განხორციელება რთულია, რადგან მათი მიზნობრიობის შეფასება მაღალი დონის სპეციფიურ ცოდნას საჭიროებს. შედეგად, თუ არ არსებობს თავდაცვისა და მათი ხარჯების მონიტორინგის ძლიერი ინსტიტუციები, კორუფციამ შესაძლოა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა მნიშვნელოვნად დააზარალოს. შედეგად, რა თანხები იხარჯება თავდაცვაში, მიგვანიშნებს ქვეყნების მოსალოდნელ სიძლიერეზე ერთმანეთთან მიმართებაში, თუმცა ეს არ არის თავდაცვის უნარიანობის შეფასების იდეალური მაჩვენებელი. დამატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა მაჩვენებლებიც, როგორიც არის თავდაცვის ძალების პერსონალის რაოდენობა, მათი წილი შრომის უნარიან მოსახლეობასთან მიმართებაში, თუმცა ეს ეკონომიკური ინდიკატორებიც შესაძლოა არასაკმარისი იყოს რეალური სიძლიერის შესაფასებლად.